უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო 25 ივლისს 12:00 საათზე და 16 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.
მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან.
მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან “საქართველოს ბანკის” სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
მობილობაში მონაწილეობას იღებს 52 (ორმოცდათორმეტი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 7320 ვაკანტური ადგილი.
ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 22 აგვისტოს და
დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ღია კარის დღეებს 27 ივლისს 13:00 საათზე, 8 და 15 აგვისტოს 11:00 საათზე. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე eqe.ge
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ცენტრის ცხელი ხაზის მომსახურებით - ტელ.: (+99532) 2 200 220 (3599).