მიმდინარე წელს სამეგრელოს რეგიონში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერათად, 20-ზე მეტ საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტულ სამუშაოს განახორციელებს. პროექტი მოიცავს როგორც სამშენებლო, ისე გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტების ნაწილი პროცესშია, ნაწილი უახლოეს პერიოდში დაიწყება. მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, აბაშის, ხობის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებში პირადად დაათვალიერა.
სამეგრელოს რეგიონში სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნათია ზედგინიძე რამდენიმე საგანმანათლებლო რესურსცენტრსაც ეწვია და რამდენიმე სოფლის მოსახლეობასაც შეხვდა. მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. პროგრამა არაერთ სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტს მოიცავს, რომელთა შორისაა სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობაც.