საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, კახეთში 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინელი მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკი ხორციელდება.
ბანაკი უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებსა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მასპინძლობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ბანაკის მეორე ნაკადის უკრაინელ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. მოსწავლეებმა პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქართულ და უკრაინულ ენებზე სიმღერები შეასრულეს.
უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში.
საზაფხულო ბანაკმა კახეთში მეორე ნაკადად უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსული ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილები მიიღო.
პირველი ნაკადის ფარგლებში, 15 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საზაფხულო ბანაკმა უკრაინელი მოზარდების პირველ ნაკადს უმასპინძლა. პირველ ეტაპზე ბანაკში ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
უკრაინელი მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკის ორგანიზება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.