საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინიძე და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დღეს თბილისის 63-ე ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ.
სასკოლო მზაობის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა. პროგრამა, რომელიც რამდენიმე დღეა თბილისის ყველა ბაღში ამოქმედდა, თამაშით სწავლების მეთოდიკის საშუალებით, 5-6 წლის ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადებას ითვალისწინებს.
სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც 30 კვირის განმავლობაში, დღეში სამ საათიან დატვირთვას ითვალისწინებს, საბავშვო ბაღების უფროსი ასაკის ჯგუფებში ხორციელდება. ამ პროგრამისთვის სასწავლო ოთახები განსხვავებულად მოეწყო, სივრცეებად დაიყო ჯგუფები და შეიქმნა სხვადასხვა აქტივობის ცენტრები. თითოეული მათგანი შსაბამისი მეთოდოლოგიური მასალით აღიჭურვა.
სასკოლო მზაობის პროგრამა ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ და სრულფასოვან განვითარებას, მოტორული, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი უნარების გამომუშავებას, კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარებას. პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვის სათანადოდ მომზადებას პირველი კლასის მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის. იგი ეხმარება თითოეულ მათგანს, მაქსიმალურად განივითაროს თავისი პოტენციალი და ჩამოუყალიბდეს საჭირო უნარ-ჩვევები მომავალი ცხოვრებისა და წარმატებულ მოქალაქედ ფორმირებისათვის.
ბავშვები, რომლებიც ბაღში არ დადიან სასკოლო მზაობის პროგრამას სკოლებში სპეციალურად გახსნილ ჯგუფებში გაივლიან. მსურველთა რეგისტრაცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე http://kids.org.ge/ უკვე დაიწყო და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.