პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის დასკვნითი შეხვედრები ქალაქ ბერლინში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს საელჩოში გაიმართა. თამარ სანიკიძე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივან ფერერიკ კიდშელს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროფესიული განათლების პროექტის ხელმძღვანელს ჰანელორე კრესს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია.
დასკვნით შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და განვითარების მიზნობრივი პროგრამა. ქართული მხარისთვის ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი გამოდგა, ვინაიდან, სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანულმა მხარემ სრული მზაობა გამოთქვა საქართველოში დუალური პროფესიული განათლების პილოტირების ელემენტების დანერგვის ხელშესაწყობად და პროფესიულ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კუთხით.
დაიგეგმა გერმანელი კოლეგებისა და ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობას და დაიწყება საქართველოსთვის პროექტის შედგენაზე და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. პროექტის განხორციელებაში ჩართულები იქნებიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე, დონორი ორგანიზაციებიც.