2015 წლის ოქტომბერში დაიწყო საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი “ეტალონი”, რომლის ფარგლებშიც ოქტომბერში ჩატარდა “ეტალონი-თბილისი”. ამ ეტაპზე პროექტში თბილისის 4 რაიონის სკოლები ჩაერთვნენ: გლდანი, ჩუღურეთი, მთაწმინდა და დიდუბე. დანარჩენი 6 რაიონის სკოლები 2016 წელს მიიღებენ მონაწილეობას ინტელექტ-ჩემპიონატში.
ამ 4 რაიონიდან თითოეულში უკვე შედგა “ეტალონის” კონკურსები რაიონის სკოლების გუნდებს შორის. თითოეული სკოლა გუნდში არჩევდა 10 მოსწავლეს (მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით) და ისინი “ეტალონის” პრინციპით აგებულ შეკითხვებს პასუხობდნენ (შეკითხვა 4 სავარაუდო პასუხით გამოდის დიდ ეკრანზე, გუნდი პასუხს აფიქსირებს პლანშეტზე, რაც სპეციალურ კომპიუტერულ სისტემაში წამის მეათედების სიზუსტით აღირიცხება).
თითოეულ რაიონში 4 ლიდერი გუნდი გამოვლინდა. გლდანი: 175, 174, 79 და 115 საჯარო სკოლები, ჩუღურეთი: 63, 29, 24 და 2 საჯარო სკოლები, მთაწმინდა: 20, 47, 42 და 51 საჯარო სკოლები, დიდუბე: 155, 166, 140 საჯარო სკოლები და კერძო სკოლა “სადუნი”.
16 სკოლის ინტელექტუალური გუნდები (16 გუნდი და 160 მოსწავლე) დღეს ერთმანეთს შეეჯიბრნენ. გამარჯვებულები - პირველ ადგილზე გასული 166-ე საჯარო სკოლის, მეორე ადგილზე გასული 42-ე საჯარო სკოლისა და მესამე ადგილის მფლობელი კერძო სკოლა “სადუნის” წარმომადგენლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დააჯილდოეს.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი “ეტალონი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს, პროექტი “ეტალონი-თბილისი”-ს პარტნიორი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა.