ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რამდენიმე დღის წინ, ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა. უახლესი აღმოჩენა ძვ. წ. XI-X საუკუნეებით თარიღდება. დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გრაკლიანის არქეოლოგიურ ბაზაზე ახალ არტეფაქტებს გაეცნო.
გრაკლიანში საველე სამუშაოების წარმოებისას იმ ტაძარში, სადაც ჯერ კიდევ უცნობი დამწერლობის ნიმუშებია შემორჩენილი, უშუალოდ ცენტრალური წარწერის წინ, აღმოჩნდა თიხის კონსტრუქცია, რომელსაც ვერძის თავის სკულპტურული გამოსახულება აგვირგვინებს. ხოლო მისი ძირითადი ნაწილი უკავია გეომეტრიული სახის მქონე თიხაზე ამოკვეთილ გამოსახულებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის ვარაუდით ეს შეიძლება იყოს დეკორის ნაწილი ან მაგიური დანიშნულების სტელა. ექსპედიციის ხელმძღვანელი, თსუ პროფესორი ვახტანგ ლიჩელი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იგი საკულტო დანიშნულებისაა, რადგან ტაძრის ცენტრალურ ნაწილში საკურთხევლის წინ იყო აღმართული.
გრაკლიან გორაზე (კასპის რაიონი) თსუ არქეოლოგებმა გათხრები 2007 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2015 წელს გრაკლიან გორაზე აღმოჩნდა წარწერა, რომელმაც, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის პოსტამენტზე გაკეთებული აქამდე უცნობი დამწერლობით შესრულებული წარწერა მაიამის (აშშ) ბეტა ლაბორატორიამ ძვ. წ. XI-X საუკუნეებით დაათარიღა. ამ აღმოჩენით საქართველო შევიდა იმ უზარმაზარი ცივილიზაციების ელიტაში, რომელთაც საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ ათასწლეულების მანძილზე.