ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ უახლესი სტანდარტების ლაბორატორიებით აღიჭურვა. ელექტროობის, კონდიცირების, შედუღებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების ლაბორატორიები პირველია საქართველოში და ამ სტანდარტებით სწავლება მხოლოდ „სპექტრში“ იქნება შესაძლებელი. ახალი ლაბორატორიები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაათვალიერა.
გრანტის ფარგლებშივე, საქართველოს ისტორიაში პირველად, პროფესიულმა კოლეჯმა საერთაშორისო პარტნიორის Pearson Education Limited, ბიზნესისა და ტექნოლოგიური განათლების საბჭოს (BTEC - Business and Technology Education Council) სტანდარტების აკრედიტაცია მიიღო. ახალი სასწავლო წლისთვის შემუშავდა პროფესიული განათლების ახალი პროგრამები და BTEC–ის ექსპერტებთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების სილაბუსები და შესაფასების სისტემები გაიწერა.
ამიერიდან, კოლეჯში ჩარიცხული სტუდენტი ავტომატურად მოხვდება ბიტეკის საერთო ბაზაში და სწავლის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო სერთიფიკატს მიიღებს.
ლაბორატორიები, რომელიც „სპექტრში“ მოეწყო ყველა განვითარებულ ქვეყნაში გამოიყენება სწავლის პროცესში. ეს ლაბორატორიები საშუელებას აძლევს კოლეჯს, პირველად საქართველოში, ცივი შედუღების სწავლება დაიწყოს, რომელიც ძალიან მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა და ამ დრომდე საქართველოში არ ისწავლებოდა.
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ წარმოადგენს ძირითადად სამშენებლო-საინჟინრო მიმართულების სასწავლო დაწესებულებას და 300-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს, მუდმივად ახორციელებს სტაჟირება-დასაქმების პროგრამებს. კოლეჯს ამჟამად 300-მდე მემორანდუმი აქვს ხელმოწერილი ადგილობრივ კომპანიებთან, სადაც სტაჟირებას გადიან სტუდენტები.