ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების პროგრამას“. შეთანხმებას ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა იგორ კორპენკომ მოაწერეს.
საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
პროგრამის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების განხორციელებას. ასევე მხარეები უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების ფარგლებში ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების დაწესებულებების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლას და მათ მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციებში, კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში. მხარეები მხარს დაუჭერენ ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარებისა და შესაბამისობის საკითხების განხილვას თითოეული ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვით.