საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების მინისტრს, ფრედერიკა ვიდალს, შეხვდა, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის ერთობლივ აკადემიურ და სამეცნიერო- კვლევით პროექტებზე იმსჯელეს.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ახალ პროექტზე, რომლის თაობაზე, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, ქართველი სტუდენტები და მეცნიერები კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ ფრანგ კოლეგებთან. ამასთან, ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ორმაგი ხარისხი სხვადასხვა სპეციალობების მიხედვით, რაც საფრანგეთთან თანამშრომლობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.
ფრედერიკა ვიდალმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის განათლების კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და აღნიშნა, რომ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და მკვლევარების მობილობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, საფრანგეთისთვის.