საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, იერუსალიმში მიმდინარე პირველ საერთაშორისო სამეცნიერო მინისტერიალში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც ბარ-ილანის უნივერსიტეტს ეწვია და უნივერსიტეტის პრეზიდენტს, არი ზაბანის, შეხვდა. მინისტრმა უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრები დაათვალიერა და მეცნიერ-მკვლევარებს გაესაუბრა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება, რაზეც ბარ-ილანის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა საკითხისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა. არი ზაბანიმ განმარტა, რომ ბარ-ილანის უნივერსიტეტი მზად არის საქართველო-ისრაელის სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის ლაბორატორიები კვლევით ბაზად იყოს გამოყენებული.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძეც ესწრებოდა, შეთანხმდნენ, რომ ბარ-ილანის უნივერსიტეტის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა. ვიზიტის მიზანი იქნება საქართველო-ისრაელის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმების დასახვა.
ბარ-ილანის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც 1955 წელს დაარსდა და მეცნიერებაში დიდი მიღწევებით ქვეყნის განვითარებაში წარუშლელი კვალი დატოვა. უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 70 სტუდენტით დაიწყო და დღევანდელი მონაცემებით იქ 17 000 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის რვა ფაკულტეტიდან ოთხი საბუნებისმეტყველო საგნებზეა ფოკუსირებული. მათ შორისაა, მედიცინა, ზუსტი მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიოფიზიკა და მათემატიკა), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და ინჟინერია. აღნიშნული ფაკულტეტები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყნის ინიციატივებთან სრულ შესაბამისობაშია.