საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აიოვას (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის აგროინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ სტივენ მაიკელსონსა და აიოვას (აშშ) უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, არდიტ მეინის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აიოვას უნივერსიტეტს შორის არსებული 15 წლიანი თანამშრომლობა და ის მიღწევები, რომელთაც საინტერესო და სასარგებლო ინოვაციები დანერგეს ჩვენს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში.
შეხვედრის დიდი ნაწილი სამომავლო გეგმების მიმოხილვას დაეთმო, რომელიც ძირითადად შეეხო პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას და ამ მიზნით, ამერიკაში ცნობილი მოდელის „სწავლასა და სწავლებაში დახელოვნების ცენტრების“ შექმნას საქართველოს უნივერსიტეტებში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს უნივერსიტეტების ქოლგის ქვეშ პროფესიული კოლეჯების შექმნის საკითხი. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ამერიკული კოლეჯების საინტერესო მოდელს და გამოითქვა მზაობა ამ თვალსაზრისით აქტიური თანამშრომლობისთვის.