მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სკოლამდელი დაწესებულების მეთოდისტების, პროგრამის კოორდინატორების გადამზადება დაიწყო. ტრენინგის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი გაეცნენ.
ტრენინგზე მეთოდისტები ეცნობიან ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტებს. ასევე, თუ რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნის მოქალაქეს, რას გულისხმობს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი და ბავშვის უფლებათა კონვენცია, როგორია ბავშვის განვითარების ძირითადი მახასიათებლები.
ტრენინგმოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის ორი საათი.
ტრენინგმოდულის შეფასება ხორციელდება 100-ქულიანი სისტემით. სერტიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს და 100-ქულიდან დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა.
ტრენინგმოდულს საქართველოს მასშტაბით 600-მდე სკოლამდელი დაწესებულების მეთოდისტი გაივლის, რომელთაგან სერტიფიცირებულებს საშუალება მიეცემათ ტრენინგები ჩაუტარონ სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებს.
ტრენინგმუდული შემუშავებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.