მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დაფინანსება 2018 წლისთვის თვეში საშუალოდ 0.9 მლნ ლარით გაიზრდება. აღნიშნული საკითხი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.
მთავრობის დადგენილებით, გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი, რაც დაკავშირებულია ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურის საათობრივი ბადესთან, რომელიც 2018-2019 სასწავლო წლიდან იცვლება. კერძოდ, კვირეული საათობრივი დატვირთვა 3.5 საათი, გასული სასწავლო წლის კვირეულ საათობრივ დატვირთვას აღემატება. შესაბამისად, იზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები და ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი.
ზრდა გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში და ამ მიზნით, ცვლილებები შევა „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში.