ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში გახსნა.
სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით, თანამედროვე ტექნიკით, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიით, აქვს ბიბლიოთეკა, სამედიცინო კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აქვს სპეციალური ლიფტი, პანდუსი, შესაბამისი სველი წერტილები. სკოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 507 000 ლარით დაფინანსდა.
სოფელ ჭანიეთის სკოლის ძველი შენობა ამორტიზირებული იყო და მოსწავლეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ბავშვები დროებით ალტერნატიულ, არასტანდარტულ შენობაში სწავლობდნენ. რთულ პირობებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობამ სკოლიდან მოსწავლეთა მასიური გადინება გამოიწვია, მაგრამ ახალი, თანამედროვე ტიპის სკოლის მშენებლობამ სოფლიდან ქალაქში გადაყვანილი მოსწავლეების უკან დაბრუნებას შეუწყო ხელი.
2012 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით 48 ახალი სკოლა აშენდა.