1. რა საბუთებია საჭირო გამოცდაზე დასარეგისტრირებლად?
გამოცდაში მონაწილეობის მსურველმა პირმა ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე www.online.naec.ge
პირს სპეციალურ პროგრამაში რეგისტრაციისთვის უნდა ჰქონდეს პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტა და საქართველოში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი.
2. პირადობა ვადაგასულია და როგორ დავრეგისტრირდე?
რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ პირადობის თერთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც არ იცვლება.
3. სად ავიღო საგამოცდო ბარათი?
აპლიკანტთა შესახებ საბოლოო მონაცემთა შეგროვების შემდეგ, გამოცდის დაწყებამდე, რეგისტრაციის ვებგვერდზე სპეციალურ პროგრამაში განთავსდება საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელშიც აპლიკანტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითებული იქნება:
ა) საგამოცდო ცენტრის დასახელება და მისამართი, სადაც აპლიკანტი ჩააბარებს გამოცდას;
ბ) გამოცდის ჩატარების თარიღი და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.
აპლიკანტს საშუალება ექნება გამოცდის დაწყებამდე ნებისმიერ დროს ამობეჭდოს საგამოცდო ბარათი.
4. როგორ გავიგებ, რომ რეგისტრაცია წარმატებით გავიარე?
ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის შესახებ, აგრეთვე, შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე აპლიკანტს ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
5. გამოცდები ელექტრონულად ჩატარდება?
2019 წლის თებერვალში გამოცდა არ ტარდება ელექტრონულად. აპლიკანტი მიიღებს საგამოცდო ტესტს და პასუხების ფურცელს.
6. შეუძლია თუ არა აპლიკანტს უნარების გამოცდის ჩაბარება ქართულის გარდა სხვა ენაზე?
ამ ეტაპზე გამოცდა ჩატარდება მხოლოდ ქართულ ენაზე.
7. ბარიერი რამდენია?
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
8. როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი?
გამოცდა მიმდინარეობს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში მეთვალყურეების თანდასწრებით. ტესტზე სამუშაოდ განკუთვნილია 2 საათი და 30 წუთი. აპლიკანტი არ დაიშვება საგამოცდო სექტორში, თუ უკვე დაიწყო საგამოცდო დროის ათვლა.
9. რისი შეტანაა შესაძლებელი საგამოცდო სექტორში?
ტესტირების მიმდინარეობის დროს აპლიკანტს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი (პოლიეთილენის ბოთლით);
ბ) პირადი ჰიგიენის ნივთები;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის თანხმობის საფუძველზე, სხვა ნივთები.
10. წელიწადში რამდენჯერ ჩატარდება ეს გამოცდა?
გამოცდა ტარდება კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, ზამთარსა და შემოდგომაზე, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დროს.
11. როგორ ხდება ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება?
გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად ბრუნდება, თუ პირი წინასწარ განსაზღვრულ ვადებში არ დარეგისტრირდა გამოცდაზე ან რეგისტრაციის მიმდინარეობისას წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება.
12. ტესტის ნიმუშები სად შეიძლება ვიხილოთ?
წელს აღნიშნული გამოცდა პირველად ტარდება, ამიტომ გამოყენებული ტესტის ნიმუში არ არსებობს. ნიმუშის სახით აპლიკანტებს შეუძლიათ გამოიყენონ ცენტრის მიერ მომზადებული ზოგადი უნარების სხვა ტესტები (ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდები).
13. არასწორად გაცემულ პასუხებზე თუ აკლდება აპლიკანტს ქულა?
არა, აპლიკანტებს ქულა არ დააკლდებათ.
14. რა ეკრძალება აპლიკანტს გამოცდის დროს?
ტესტირების მიმდინარეობისას აპლიკანტს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვ. გამოყენება ან გამოყენების მცდელობა;
გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა ან აღნიშნულის მცდელობა;
დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ე) ნებადართული ნივთების გარდა, სამუშაო მაგიდაზე სხვა ნივთების განთავსება;
ვ) მითითების გარეშე ტესტზე მუშაობის დაწყება;
ზ) ტესტირების დროის ამოწურვის შემდეგ მუშაობის გაგრძელება.
15. რა შემთხვევაში იხსნება აპლიკანტი გამოცდიდან?
აპლიკანტი გაფრთხილების გარეშე შეიძლება მოიხსნას ტესტირებიდან:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის (მათ შორის ელექტრონული საათის) აღმოჩენის (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში) შემთხვევაში;
ბ) დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვ. ტესტირებაზე შეტანის ან/და გამოყენების შემთხვევაში;
გ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
დ) ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
16. როგორ გავიგებთ შედეგებს?
ტესტირების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge ტესტირების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. შედეგების გაგება სპეციალური კოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი, ქულები ხელმისაწვდომია მხოლოდ აპლიკანტებისთვის.